2:08 PM
ქართული ვაზის ჯიშები

ქართული ვაზის ჯიშები — ვაზის ჯიშები, რომლებიც გავრცელებულია, როგორც დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის მეზობელ ქვეყნებში.

დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე აბორიგენი მოსახლეობის რუდუნებითა და ღვაწლით ათასწლეულების განმავლობაში ხალხური სელექციის შედეგად ჩამოყალიბდა და გავრცელდა ქართული ვაზის (Vitis vinifera L. sativa) 525 ადგილობრივი ჯიში. აქედან: კახეთში 80, ქართლში 72, მესხეთ-ჯავახეთში 26, იმერეთში 74, რაჭა-ლეჩხუმში 50, გურიაში 59, სამეგრელოში 60, აჭარა 53, აფხაზეთში 51 ვაზის ჯიშია. საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირებულია კულტურული ვაზის წინაპრის, ველური ვაზის (Vitis vinifera L. silvestris) 400-ზე მეტი ფორმა.

ქართული ვაზის ჯიშები პროფესორ ა. ნეგრულის კლასიფიკაციის მიხედვით დაყოფილია შავი ზღვის აუზის (proles, pontica subproles georgica Negr.) და აღმოსავლეთ აზიის (proles, orientalis subproles caspica Negr.) ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფებად, რომლებიც შექმნილია კულტურული ვაზის ჯიშთა წარმოქმნის კოლხეთისა და ალაზნის კერებში და მათი უმრავლესობა მიეკუთვნება proles pontica subproles georgica Negr ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს.

ვაზის ადგილობრივი ჯჯიშები, როგორც ქართული აგრონომიული მემკვიდრეობის სიმდიდრე წარმოდგენილი საღვინე ჯიშების დომინირებით სასუფრე დანიშნულების ჯიშებთან ერთად ოდითგანვე იწვევდა ქართველ და უცხოელ მკვლევართა ფართო ინტერესს.

ქართული სელექციური სკოლის ნაყოფიერი შემოქმედება, რომელიც შუალვერ-შომუთეფეს კულტურის უძველესი ტრადიციებიდან იღებს სათავეს გვირგვინდება XX საუკუნის მიღწევებით.

ქართველ მეცნიერთა სურვილი, რომ განესაზღვრათ ვაზის ქართული ჯიშების რაოდენობა, ძალიან გაძნელდა წყაროების სიმწირის, ჯიშების სინონიმური სახელების მრავალფეროვნებისა და საქართველოს ვაზის გენოფონდზე XIX საუკუნეში გავრცელებული სოკოვანი დაავადებებისა და ფილოქსერას მავნე ზემოქმედების გამო.

1960 წელს გამოიცა „საქართველოს ამპელოგრაფიის“ კრებული თანდართული ვაზის ჯიშების ჩამონათვალით. აღნიშნული გამოცემის შემდეგ გამომზეურდა ვაზის ჯიშების ბევრი ძველი ორიგინალური თუ სინონიმური სახელი, მოძიებულ და შესწავლილ იქნა მანამდე აღუწერელი ადგილობრივი ჯიშები და მათი ვარიაციები. ქართველმა სელექციონერებმა გამმოიყვანეს ახალი ჯიშები და გამოავლინეს კლონური ვარიანტები. საქართველოს ისტორიული მხარეებიდან (ტაო-კლარჯეთი, ლაზეთი) და უცხოეთის (საფრანგეთი, მოლდოვა, უკრაინა და სხვა) საკოლექციო ნაკვეთებიდან მრავალი ჯიში დაუბრუნდა საქართველოს. ისინი საქართველოს ეთნოგრაფიულ კუთხეებში მოძიებულ ვაზის ჯიშებთან ერთად სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აკადემიკოს სოლომონ ჩოლოყაშვილის სახელობის ჯიღაურას ვაზის ეროვნულ კოლექციაშია დაცული და გამრავლებული. მათი რაოდენობა 450-ს აღწევს. აქვეა თავმოყრილი და გაშენებული საქართველოს რეგიონებში მოძიებული კულტურული ვაზის წინაპრის, ველური ვაზის 140-ზე მეტი ფორმა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კულტურული ვაზის 320 ჯიში.

ეროვნულ კოლექციას მინიჭებული აქვს გაერთიანებული ერების სოფლის მეურნეობისა და სურსათის საერთაშორისო ორგანიზაციის (FAO) საერთაშორისო კოდი GEO 038.

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში დღესდღეობით კვლავ ინტენსიურად გრძელდება ქართული ვაზის ჯიშების მოძიება და კონსერვაცია. ფართოვდება საკოლექციო ნაკვეთების არეალი რეგიონალურ ჭრილში. ცენტრის მეცნიერ თანამშრომლების მიერ OIV, UPOV, IPGRI-ის ჰარმონიზებული საერთაშორისო დესკრიპტორების გამოყენებით ისწავლება კოლექციაში დაცული ჯიშების ამპელოგრაფიული და სამეურნეო-ტექნოლოგიური მახასიათებლები, უცხოელ მკვლევარებთან ერთად მიმდინარეობს სელექციური სამუშაოები.

წყარო : www.ka.wikipedia.org

კატეგორია: zogadi | ნანახია: 90 | დაამატა: ადმინისტრატორი | რეიტინგი: 0.0/0