1:56 PM
ლეგენდა ღვინოზე

განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ლეგენდების დიდ ნაწილში ღვინის შექმნას ქართველები სწორედ მამა ღმერთს უკავშირებენ.
ლეგენდა ღვინოზე
ღმერთი დედამიწაზე დაეძებდა ისეთ ადგილს, სადაც ვაზი უნდა გაეშენებინა. მრავალი ადგილი შეარჩია, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ისეთ ადგილზე გააკეთა, სადაც დამარხული იყო ბულბულის, ლომისა და ღორის ძვლები. ასეთი ადგილი საქართველო აღმოჩნდა (არქეოლოგიური კვლევებით დასტურდება, რომ ევრაზიის აფრიკასთან მატერიკულად ერთიანობის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ლომები მართლაც სახლობდნენ). როდესაც ღმერთმა ამ მიწაზე ვაზი დარგო, შემდეგ მოსავალი მოიწია, დაწურა და ღვინო გააკეთა, ღვინოს იმ სამი სულდგმულის თვისებები გამოჰყვა, რომელთა ძვლებზეც ვაზმა იხარა. როდესაც ადამიანი ცოტა ღვინოს სვამს, მისი საუბარი ხშირად ბულბულის გალობასავით საამო მოსასმენია. როდესაც ზომაზე ცოტა მეტს სვამს, ლომს ემსგავსება და ყოველგვარი წინააღმდეგობის დაძლევის ილუზია ექმნება. უკიდურესად გადათრობის შემთხვევაში კი, ადამიანი ემსგავსება ღორს, ნეტავი რატომ??
* * *
უხსოვარ დროს, როდესაც ღმერთი დედამიწაზე ცხოვრობდა, გადაწყვიტა, საიქიოდან გამოძევებული და შრომისაგან დაქანცული ადამიანების ცხოვრება უფრო საინტერესო გაეხადა. დაჯდა, იფიქრა, იფიქრა და ბოლოს გადაწყვიტა, ისეთი სასმელი შეექმნა, რომელიც კაცს მცირე ხნით, მაგრამ მაინც დააბრუნებდა სამოთხეში. თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, ღმერთმა ღვინო სამოთხის რამდენიმე საათიანი ილუზიის შემქმნელად გააკეთა. გააკეთა და ღვინის გასასინჯად ყველა ანგელოზი და ეშმაკიც მიიწვია. ღვინო ყველას მოეწონა. მათ შორის ეშმაკსაც. მაგრამ ეშმაკი რისი ეშმაკი იქნებოდა, ღმერთს რომ არ გაჯიბრებოდა. მანაც ბევრი იფიქრა და რაკი სხვა ვერაფერი მოიფიქრა, ადგა და ღმერთის მიერ გაკეთებული ღვინის ნარჩენებით, ანუ ჭაჭით, სხვა, უფრო მათრობელა და ძლიერი სასმელი - არაყი გააკეთა. მერე ამ სასმელის გასასინჯად ღმერთი მიიწვია. მივიდა ღმერთი, დალია ერთი ჭიქა, მეორე, მესამე და მეოთხეც რომ დალია, ეშმაკს უთხრა: "ვინც არაყი დალიოს, სამ ჭიქამდე ჩემსკენ იყოს, სამი ჭიქის მერე კი შენთვის დამითმიაო. თიანეთში მოხუცები ახლაც კი როცა არაყს სვამენ, მეოთხე ჭიქას "საეშმაკოს" ეძახიან და ცდილობენ, რაც შეიძლება მალე გადავიდნენ მეხუთე ჭიქაზე.
* * *
ლეგენდას კავკასიონზე მიჯაჭვულ ამირანზე მთელ მსოფლიოში მრავალი ინტერპრეტაცია აქვს, მაგრამ სვანეთში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ინტერპრეტაციას მოისმენთ. სვანეთში არსებობს ერთი ძალიან პატარა მთა, რომელიც მეტად უცნაური ფორმისაა და იმერულ მოგრძო ჭურს ჰგავს. სვანური ლეგენდის მიხედვით, ზევსმა ამირანი (პრომეთე) როდესაც დასაჯა, ბოლომდე მაინც არ გასწირა და სწორედ ამ კლდეზე მიაჯაჭვა. ეს კლდე იყო ღვინით სავსე უზარმაზარი ჭური, რომელიც მუდამჟამს ღვინით იყო სავსე და ამირანი ასწლეულების მანძილზე ამ უზარმაზარი ქვევრიდან მწვეთავი ღვინის წვეთებით საზრდოობდა. ეს მთა-ჭურის ლეგენდა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია უძველესია.

წყარო : www.allgeo.org

კატეგორია: zogadi | ნანახია: 74 | დაამატა: ადმინისტრატორი | რეიტინგი: 0.0/0